უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის "ახალი ეტაპის" წინაშე დგას, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმელნიცკის ოლქში, მესაზღვრეებთან შეხვედრისას 3 მაისს. ზელენსკის განცხადება ბრძოლის ველზე გაუარესებული ვითარების ფონზე გაკეთდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მოელის განახლებულ რუსულ შეტევას გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, შეტევა გაძლიერდება აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში.
„ოკუპანტი ახლა ემზადება შეტევის გაფართოებისთვის. ჩვენ ყველამ - უკრაინელებმა, ჯარისკაცებმა, სახელმწიფომ, პარტნიორებმა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩავშალოთ რუსეთის შეტევის გეგმა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთი სავარაუდოდ, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის აღებას, ვიდრე შეერთებული შტატების ახლახან მიღებული დახმარების კანონპროექტის ეფექტს უკრაინა ბრძოლის ველზე იგრძნობს.
„ქალაქი ჩასივ იარი, დონეცკის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება, რადგან მას შეუძლია, ხელი შეუწყოს შემდგომ წინსვლას ახლომდებარე ქალაქების კოსტიანტინივკის, კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ,“ განაცხადა ოლექსანდრ პავლიუკმა, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა. პავლიუკის თქმით, რუსეთი მიზნად ისახავს დონეცკის, ლუგანსკის და, თუ ეს შესაძლებელია, ზაპოროჟიეს ოლქების სრულად ოკუპაციას 2024 წელს.
მოსკოვი ასევე ემზადება შეტევისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმისა და ხარკოვის ოლქების ირგვლივ,“ აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ, HUR-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.
„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ოკუპანტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, რაც არ უნდა გააკეთოს და რა სასტიკადაც არ უნდა მოიქცეს. უკრაინა მაინც გაიმარჯვებს,“ - დასძინა თავის მხრივ, ზელენსკიმ.